პატრიარქის ქადაგება

2017-07-16 13:53:52

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგების დროს ემანუელის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მისალმება: ემანუელი - ჩვენთან არს ღმერთი, - ამის შესახებ ილია მეორემ მრევლს ქადაგებისას უთხრა. "მრავალმა ჩვენგანმა არ იცის, საიდან წარმოიშვა "ჩვენთან არს ღმერთი". ეს ბიბლიაში წერია და ებრაულად არის "ემანუელი". ემანუელი ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი. არ მეგულება არც ერთი ქვეყანა და არც ერთი ერი, რომ ასე მიმართავდეს ერთმანეთს. ამიტომ ეს მისალმება: ემანუელი, ჩვენთან არს ღმერთი, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ". - ბრძანა პატრიარქმა. ილია მეორემ მრევლს გერგეთის წმინა სამების დღესასწაულიც მიულოცა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე სიყვარულის დღესასწაულია. "სიყვარული არის სხვებისთვის ცხოვრება. არის ადამიანი, რომელიც საკუთარი თავისთვის ცხოვრობს. არის ადამიანი, რომელიც ოჯახისთვისაა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ხალხისთვის, მოყვასისთვის და არა თავისი თავისთვის. ეს ყველაფერი მას ღვთის მადლით ეწერება და სამაგიეროს იღებს სააქაოს და საიქიოს. ამიტომ არის ნათქვამი: იხარეთ ორსავე სოფელს შინა." - ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.