მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო კრიზისშია

2017-07-13 17:38:31

რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო კრიზისშია. აღნიშნული საკითხი საკრებულოს რიგგარეშე №57 სხდომაზე განიხილეს.

რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმომ ქალაქის ბიუჯეტიდან 100 000 ლარი მოითხოვა, თანხა სხვადასხვა ხარჯებისთვისაა გამიზნული.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს დირექტორმა, ფრიდონ დვალაძემ განუცხადა, ავტოტრანსპორტის საწარმოში სულ 17 ავტობუსია, მათგან 2 სავალალო მდგომარეობაშია, გარდა ამისა ტენიკურად გაუმართავია რამდენიმე ავტობუსიც და შესაძლოა ამ მიზეზით სამომავლოდ რუსთაველებს 17-ის ნაცვლად უფრო ნაკლები ავტობუსი მოემსახუროს.

ამ დროისთვის აღნიშნული პრობლემა არ დგას და ზაფხულის სეზონზე მგზავრთა ნაკადის შემცირების გამო რუსთავში 12 ავტობუსი მოძრაობს.

მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 6:30 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს. ავტობუსებს შორის მოძრაობის ინტერვალი კი მაქსიმუმ 40 წუთია.