მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა (ფოტოები)

2017-07-11 21:24:09

რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა. სიმპოზიუმში მონაწილეობას 8 ქართველი და სამი უცხოელი (ესპანელი, ფრანგი და ეგვიპტელი) მოქანდაკეები იიღებენ. სიმპოზიუმის ფარგლებში 11 სკულპტურა შეიქმნება, რომელთა განთავსებაც ძირითადად ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე მოხდება. სივრცე, სადაც მოქანდაკეთა სიმპოზიუმი ეწყობა ცენტრალურ პარკში სწორედ იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც გასული საუკუნის 90-იან წლებში პირველად გაიმართა სკულპტორთა სიმპოზიუმი და რომლის შედეგადაც, ამ ტერიტორიაზე, 21  საინტერესო სკულპტურაა განთავსებული.

სიმპოზიუმის გახსნას რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიგა ნემსაძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე დაესწრნენ. ცერემონიალის ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და თბილისის სამხატვრო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი რუსთავში გასული საუკუნის 90-იან წლებში სამჯერ ჩატარდა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სკულპტორები იღებდნენ მონაწილეობას. წლების შემდეგ, სიმპოზიუმი პირველად 2016 წელს "რუსთავქალაქობის" ფარგლებში  გაიმართა.

მოქანდაკეთა სიმპოზიუმი რუსთავის მერიის და სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის ორგანიზებით იმართება, პროექტის განსახორციელებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 177 000 ლარი გამოიყო.