ვინ იქნება "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი რუსთავში?

2017-07-09 14:24:10

ვინ იქნება "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი რუსთავში? ამ კითხვაზე ოფიციალური პასუხი ჯერ არ არის. "ინფო რუსთავი" ამ შემთხვევაში რამდენიმე წყაროს დაეყრდნო, რომლებმაც საკუთარი თანამდებობრივი პოზიციიდან გამომდინარე ანონიმურად დარჩენა არჩიეს. ამიტომ ჩვენ გაგაცნობთ ინფორმაციას, თუ რას საუბრობენ კულუარებში. ამ ეტაპზე "ქართული ოცნების" პარტიაში კანდიდატებზე საუბარი ჯერ მხოლოდ საუბრის დონეზეა, სახელდება რამდენიმე სახელი და გვარი, მათ შორის არის რუსთავის მოქმედი მერი დავით ჯიქია. არსებული ინფორმაციით, მისი კანდიდატურის განხილვა პერიოდულად მიმდინარეობს. მეორე სავარაუდო კანდიდატი გოჩა ლორიაა, რომელსაც რუსთაველების გარკვეული ნაწილი ლობირებს, მათ შორის საუბარია დეპუტატ პაატა მხეიძეზე, რომელიც არის გოჩა ლორიას მეგობარი. მესამე სავარაუდო კანდიდატია ქვემო ქართლის გუბერნატორის გიგა ნემსაძის მოადგილე კახა კობერიძე, რომელიც წლების წინ ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა. მეოთხე სავარაუდო კანდიდატია ბენო ქაშაკაშვილი, რომელიც ზემოთ დასახელებული სამი კანდიდატისგან განსხვავებით, თავად რუსთაველი არ არის, თუმცა მისი ბიოგრაფია რუსთავს უკავშირდება. ის არის გურამ ქაშაკაშვილის შვილი, რომელიც წლების წინ მართავდა მეტალურგიულ კომბინატს. აღსანიშნავია, რომ ბენო ქაშაკაშვილი საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" პროპორციულ სიაშიც იყო.

გვაქვს ინფორმაცია სხვა სავარაუდო კანდიდატებზეც, თუმცა მათი განხილვები ჯერ აქტიურად არ მიმდინარეობს, რადგან ისინი ამ მომენტისთვისაც საკმაოდ მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებენ.