მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი

2017-07-07 15:43:33

11 ივლისს რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნება. სიმპოზიუმში 11 მოქანდაკე მონაწილეობს, აქედან 8 ქართველია, ხოლო 3 უცხოელი.
თითო მოქანდაკე თითო სკულპტურას შექმნის, ქანდაკებები კი ცენტრალურ პარკში განთავსდება.

სიმპოზიუმი მრავალწლიანი შესვენების შემდეგ შარშან გაიმართა და 9 სკულპტურა შეიქმნა, რუსთავქალაქობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქანდაკებები ცენტრალურ მოედანზე გამოიფინა. მათი განთავსება თავდაპირველად კოსტავას გამზირზე იგეგმებოდა, თუმცა იერსახის შეუსაბამობის გამო აღნიშნულ გამზირზე აღარ გადაუტანიათ. ამ მომენტისთვის სკულპტურები ისევ მერიის წინ არის განთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით შარშანდელი ქანდაკებები ახალ ქანდაკებებთან ერთად ბინას ცენტრალურ პარკში დაიდებენ.

შარშანდელი სიმპოზიუმისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 72 000 ლარი დაიხარჯა, წლევანდელი სიმპოზიუმისთვის კი ბიუჯეტიდან 177 000 ლარი გამოიყო. 2017 წლის სიმპოზიუმისთვის კონკურსი 7 აპრილს გაიმართა, მასში 20 მოქანდაკე მონაწილეობდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებული 11 აღმოჩნდა.

მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი პირველად გასული საუკუნის 90-იან წლებში სამჯერ ჩატარდა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სკულპტორები  მონაწილეობდნენ.