ტურის ლეკვს ინტერნეტით ყიდდნენ

2017-07-06 14:59:14

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გარეული ცხოველით უკანონო ვაჭრობის ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქის  უკანონოდ დატყვევებული გარეული ცხოველის, კერძოდ, ტურის ლეკვის გაყიდვის შესახებ განცხადება ინტერნეტმაღაზია - mymarket.ge-ზე ჰქონდა განთავსებული. ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგა.
შეგახსენებთ, გარეული ცხოველებით უკანონო ვაჭრობის შემთხევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 85-ე მუხლის სამი პრიმა და 85-ე მუხლის ოთხი პრიმა მუხლების მიხედვით გათვალისწინებულია საჯარიმო სანქცია 150-დან 1000 ლარამდე.

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და ვებგვერდ www.mymarket.ge -ის შორის გაფორმებულია წერილობითი შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ცხოველებითა და დერივატებით ვაჭრობის კატეგორიაში განცხადების გამოქვეყნებამდე, მომხმარებელი ვალდებულია მონიშნოს შემდეგი გრაფა - "ვეთანხმები გარეული ცხოველით ვაჭრობის აკრძალვის წესებს". აღნიშნული ფუნქცია ემსახურება გარემოსდაცვითი დანაშაულის პრევენციასა და გამოვლენას. ინფორმაცია მოიცავს საჯარიმო სანქციების ოდენობის შესახებ გაფრთხილებასაც, შესაბამისად პირი ინფორმირებულია მოსალოდნელი შედეგების შესახებ, თუმცა, ამის მიუხედევად, გარეული ცხოველებით ვაჭრობის შემთხვევები ხშირია." - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.