მზით დამწვრობის რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავში

2017-07-03 18:23:49

ზაფხულის სეზონზე მზით დამწვრობის მიზეზით გამოძახებებმა იმატა.
როგორც "ინფო რუსთავს" სასწარაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, რუსთავის მასშტაბით 1- 2 ივლისს სითბური ეფექტის მიზეზით სასწრაფოს გამოძახების 4 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 3 პაციენტს ადგილზე გაეწია დახმარება, ერთი პაციენტი კი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს.

ქვეყნის მასშტაბით კი ბოლო ერთი თვის განმავლობაში დამწვრობის ცენტრში სულ 118 პაციენტი მიიღეს, როგორც "ინფო რუსთავს" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ, განუცხადა, ზაფხულში ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობა ჯერ არ დაფიქსირებულა, ლუდით დამწვრობის რამდენიმე ერთეული შემთხევა დაფიქსირდა. სხვადასხვა ხარისხის დამწვრობის მქონე პაციენტებიდან 20 მათგანს სტაციონარში მოთავსება დასჭირდა. დამწვრობის ცენტრში პაციენტებს შორის სამი ბავშვი იყო, ყველაზე მცირეწლოვანი 4 წლის, ყველაზე ასაკოვანი კი 65 წლის ქალბატონი მიიღეს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მცირეწლოვანთა მშობლებსა და 60 წელს გადაცილებულ პირებს მოუწოდებს.

სამინისტრო მოსახლეობას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებას და  დიდი რაოდენობით სითხის მიღებას ურჩევს.

სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, "თუ შემჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრი, ან ნებისმიერი ადამიანის სხეული ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონება, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე კი  დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი. ტანი დაუზილეთ 250-300C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონება დაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე".