სად და რამდენი "ჭკვიანი კამერა" დამონტაჟდება რუსთავში

2017-07-02 19:03:42

1 ივლისს უკონტაქტო პატრულირება ქვეყნის მასშტაბით ათამდე ლოკაციაზე განხორციელდა, მათ შორის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის შემოვლით გზებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ლოკაციების რიცხვში რუსთავი არ შედის, თუმცა წლის ბოლომდე უკონტაქტო პატრულირება მთლიან საქართველოს, მათ შორის რუსთავსაც მოიცავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებოდ აღჭურვილი მანქანები და მათი სანომრე ნიშნები, ასევე ქუჩები, სადაც უკონტაქტო პატრულირება განხორციელდება, პერიოდულად შეიცვლება. პოლიციელი კი შეიძლება იჯდეს ნებისმიერ მანქანაში, რომელიც გავრცელებულია საქართველოში. შესაბამისად, პოლიციელის გარჩევა შეუძლებელი იქნება.

რუსთავში იგეგმება ე.წ. "ჭკვიანი კამერების" დამონტაჟებაც. ქალაქში 200-მდე კამერა განთავსდება. "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს რომ - "პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტებტან ერთად ხორციელდება. კამერების დამონტაჟების მიზანი ქვეყნის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლება და დასავლური სტანდარტების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვის და დაშავებულთა რაოდენობის შემცირებას.“ არსებული ინფორმაციით რუსთავში ვიდეო კამერების შეძენა- მონტაჟისთვისვის 600 000-მდე ლარია გამოყოფილი. კამერების დამონტაჟება ცენტრალურ ქუჩებზე და იმ წერტილებზე მოხდება სადაც ავარიის რისკი დიდია.