ქართულ სუნელებში ტყვიის მაღალი შემცველობაა

2017-07-02 13:25:13

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი განაგრძობს პოტენციური მომხმარებლების გაფრთხილებას ქართულ სუნელებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ. მათი თქმით, ნიუ-იორკში ტყვიით მოწამვლის ფაქტები ქართულ სუნელებთან იყო დაკავშირებული. უწყების ინფორმაციით, ისინი უკვე წლებია ამოწმებენ საქართველოში წარმოებულ, სხვადასხვა სახის სუნელს ტყვიის შემცველობაზე და დარღვევებს რეგურალურად პოულობენ. მათივე განცხადებით, 2015 წელს გამოქვეყნებული გაფრთხილება საქართველოს საკონსულოსთან თანამშრომლობით შეიქმნა ქართული სუნელების პოტენციური მომხმარებლების გაფრთხილების მიზნით. ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის გაფრთხილებაში წერია, რომ საქართველოში დამზადებულ ზოგიერთ სანელებელს აქვს ტყვიის მაღალი შემცველობა. აღნიშნული სანელებლები მოიცავს: ყვითელი ყვავილი ანუ ზაფრანა, სვანური მარილი, ხმელი სუნელი ან ხარჩოს სუნელი, მწარე წიწაკა, დაფქვილი ჩილი, წიწაკა, დაფქვილი კერი, კოჭა, ქინძი და კვლიავი, ქართული მარილი ან სვნაური მარილი, უცხო სუნელი ან შამბალა, მშრალი აჯიკა, საცივის სუნელი. განმარტება მომზადებულია ქართულ ენაზეც.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტისგან განსხვავებით, სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ პრობლემას უარყოფს და ამბობს, რომ ინფორმაცია, თითქოს ნიუ-იორკის ჯანდაცვის სამინისტრო ახლაც აფრთხილებს ქართული სუნელების პოტენციურ მომხმარებლებს სუნელებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ, ტყუილია. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია - „სურსათის ეროვნული სააგენტო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს, სააგენტო მუდმივად აწარმოებს მონიტორინგს და ლაბორატირიულ კვლევას. დღეს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება ქართული წარმოების სუნელებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ, რაც არის 2015 წლის ინფორმაცია და არავითარი საერთო არ აქვს დღევანდელ რეალობასთან.“