რუსთაველი ფეხბურთელები სტადიონის გარეშე რჩებიან

2017-06-30 14:38:38

რუსთაველ ფეხბურთელებს ფოლადის სტადიონის დატოვება მოუწევთ. ამის შესახებ წერილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნიდან საფეხბურთო კლუბ „რუსთავის რუსთავის“ დირექტორს ბადრი მაჭავარიანს მიუვიდა.

როგორც წერილშია აღნიშნული, კლუბსა და სტადიონის მეპატრონეს შორის მოქმედ საიჯარო ხელშეკრულებას ვადა 2016 წლის 31 დეკემბერს გაუვიდა, მას შემდეგ კი მეპატრონემ  „რუსთავის რუსთავს“ ხელშეკრულების გაფორმება ახალი პირობებით შესთავაზა „საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ არაერთხელ შემოგთავაზეთ ახალი პირობებით ხელშეკრულების გაფორმება, რომელსაც არაერთი ზეპირი თუ წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად არ გვიფორმებთ, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საიჯარო ხელშეკრულების არარსებობის გამო 2017 წლის 10 ივლისიდან აღარ დავუშვებთ თქვენს წარმომადგენლებს ჩვენს სტადიონზე

გარდა ამისა, წერილში აღნიშნულია, რომ კლუბმა სტადიონის გათავისუფლებამდე დაგროვილი კომუნალური გადასახადები უნდა გადაიხადოს და ტერიტორია წესრიგში მოიყვნოს, შპს „რუსთავის ფოლადის“ ქონების დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობა კლუბს დაეკისრება.

„ინფო რუსთავი“ საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ დირექტორს ბადრი მაჭავარიანს დაუკავშირდა, როგორც მაჭავარიანმა განაცხადა,  ხელშეკრულების ახალ პირობაში მითითებული თანხის გადახდას კლუბი ვერ შეძლებდა ამიტომ რუსთაველი ფეხბურთელები და 270 ბავშვი, რომელიც  აღნიშნულ ტერიტორიაზე ვარჯიშობდა, ფოლადის სტადიონს დატოვებენ. კლუბ „რუსთავის“ სპორტსმენები, სავარაუდოდ, თბილისში ივარჯიშებენ, თამაშებს კი თელავში გამართავენ.

პირობები რომელიც შემოთავაზებული იყო ამ ხელშეკრულებაში, მე ვერანაირად ვერ გავიზიარებდი ამ თანხის ოდენობას, რომელიც იქ იყო მითითებული, თვეში 22 500 ლარზე იყო საუბარი და  კლუბი ვერ შეძლებდა ამ თანხის გადახდას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ”ფეხბურთის განვითარების ერთიანი ფონდიდან” დაფინანსება შეადგენს 700 000 ლარს, ამ თანხაში თუ 22 000 ლარის გადახდა მოგვიწევდა, ვერანაირად კლუბი ვერ შეძლებდა არსებობას, თან ამავე დროს პარალელურად მიდიოდა მოლაპარაკება ქალაქის მერიასა და მეტალურგიას შორის  ამ სტადიონის მომავლის გარკვევასთან დაკავშირებით, ამიტომაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვღებულობდით ამ წერილებს, მაგრამ ჩვენ პასუხი არ მიგვიწერია, ახლა  საქმის კურსში ჩავაყენეთ ვიცე მერი დავით ლობჟანიძე და ველოდებით მოვლენების განვითარებას“ - განაცხადა ბადრი მაჭავარიანმა.

 „ინფო რუსთავი“ მეტალურგიული ქარხნის პრესსამსაურს დაუკავშირდა, ისინი წერილის გაგზავნის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა დამატებით კომენტარს არ აკაეთებენ.