რატომ დაიხურა ორი საცხობი და უალკოჰოლო სასმელების საწარმო რუსთავში

2017-06-14 14:18:48

რუსთავში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 3 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა. აღნიშნულის შესახებ "ინფო რუსთავს" ქვემო ქართლის სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსმა, მირანგულ ლიპარტელიანმა, განუცხადა.

დარღვევები კვების სამ ობიექტში: უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელ ობიექტსა და  პურის ორ საცხობში გამოვლინდა, რის შემდეგაც ობიექტები დაიკეტა და 1000 ლარის ჯარიმა დაეკისრათ. ინსპექტორების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ კი სამივე მათგანმა გააგრძელა ფუნქციონირება.

მირანგულ ლიპარტელიანის ინფორმაციით, რუსთავში ჩატარებული ინსპექტირებისას სხვადასხვა სახის დარღვევები იკვეთება - "არის კიდევ ისეთი სახის დარღვევები, როგორიცაა  ვადაგასული პროდუქტის რეალიზაციასთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ ვრეაგირებთ და გვაქვს შესაბამისი სანქციები გატარებული."

ქვემო ქართლის სურსათის უვნებლობის სამსახური მოსახლეობას სურსათის შეძენისას გარკვეულ რეკომენდაციებასც აძლევს - ზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით, მოსახლეობას მოვუწოდებთ რომ თავი შეიკავონ ისეთ ადგილებში სურსათის ყიდვისგან, რომელიც არ შეესაბამება სტანდარტებს, არ არის მოწესრიგებული და არ გააჩნიათ სურსათის წარმომავლობაზე ინფორმაცია."

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს პერიოდულად ახორციელებს  იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი ობიექტები 1000 ლარით დაჯარიმდებიან და  საწარმოო პროცესი იქმადე შეუჩერდებათ, სანამ არ გამოასწორებენ არსებულ პირობებს.