სპინერი - სათამაშო, რომელმაც მსოფლიო მოიცვა

2017-06-07 22:02:20

სპინერი - ეს არის მცირე ზომის სათამაშო, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. სათამაშო ჯერ კიდევ 1993 წელს ფლორიდელმა ქეთრინ ჰეთინგერმა გამოიგონა, თუმცა სპინერმა პოპულარობა სულ ახლახანს მოიპოვა. სპინერის მთავარი ფუნქცია სტრესის მოხსნაა. ის დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სათამაშოა და ამან ბავშვებში იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ზოგიერთra  სკოლაში სპინერი აკრძალეს კიდეც. რა უარყოფითი მხარეები აქვს დღესდღეობით ყველაზე პოპულარულ სათამაშოს და რეალურად ეხმარება თუ არა ის აუტიზმის ან სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს.

სპეციალისტების განცხადებით, ბავშვები შეუმჩნევლად ხდებიან სპინერზე დამოკიდებულნი, რაც იწვევს იმას, რომ ბავშვი მთლიანად კონცენტრირდება სათამაშოზე და თითქმის ვერ ამჩნევს მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. სპინერზე დამოკიდებულება არსებობს ზრდასრულ ადამიანებშიც, რომლებიც ჭამის, ფილმის ყურების, კითხვის და მანქანის ტარების დროსაც კი ერთობიან ამ სათამაშოთი.

მეორე მიზეზი, რის გამოც ზოგიერთ სკოლაში სპინერი აკრძალეს, არის ის, რომ მოსწავლე სპინერს იყენებს როგორც სათამაშოს, რაც მას საგანზე კონცენტრირებაში უშლის ხელს და შესაბამისად, სწავლის პროცესიც ნაკლებად ნაყოფიერია.

ვოლოგონგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგების და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის ექსპერტის, სტიუარტ ჯონსთოუნის თქმით, სპინერების სამედიცინო დანიშნულება ცოტა არ იყოს რთული დასაჯერებელია. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ სპინერები ნამდვილად ეხმარება აუტიზმის სპექტრის, ყურადღების დეფიციტის ან ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ადამიანებს.

ფსიქოლოგები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ ამ სათამაშოს აქვს გამაბრუებელი ეფექტი, რაც ხშირ შემთხვევაში მშობლებსა და ბავშვებს შორის კონტაქტს ართულებს.