შსს-მ რუსთავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

2017-05-30 20:26:38

შსს-მ რუსთავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ზ.თ., ყაჩაღობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული რუსთავში, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოში“ ნიღბით და ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა, სიცოცხლის მოსპობის მუქარით „ლენდოს“ თანამშრომლებს 28 710 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.თ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).