უმუშევრობის დონე ქალებში შემცირდა, კაცებში კი გაიზარდა

2017-05-26 17:53:46

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა უმუშევრობის დონის შესახებ გასული წლის მონაცემები გამოაქვეყნა.
2016 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 11.8 პროცენტი შეადგინა და ბოლო 13 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.
მონაცემების მიხედვით, დასაქმებულებში თვითდასაქმებულთა წილი ჭარბობს.
უმუშევრობის დონის სქესობრივი ჭრილის მიხედვით კი 2016 წელს 2015 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე ქალებში შემცირდა 1.4 პროცენტული პუნქტით, კაცებში კი პირიქით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 8.8 და 14.2 პროცენტი შეადგინა.

ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, უმუშევრობის დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში მიაღწია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 65+ ასაკობრივ ჯგუფშია. ამის მიზეზია ის, რომ 65+ საპენსიო ასაკია და მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის დასაქმებული, არ ეძებს სამუშაოს და შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება.
რეგიონების მიხედვით კი ქვემო ქართლში 2015 წელთან შედარებით 2016 წელს უმუშევრობის დონემ 0.8%-ით იკლო.