რატომ მოკლეს 21 წლის ახალგაზრდა? (ვიდეო).

2016-11-13 15:52:55

21 წლის გიორგი ძაბახიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულებს რუსთავის საოლქო სასამართლოს მოსამართლის, ქეთინო ლილუაშვილის, გადაწყვეტილებით აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. მოწმის ჩვენების საფუძველზე 2016 წლის 10 ნოემბერს #10-ე სკოლასთან, გარდაცვლილ გიორგი ძაბახიძესთან და გიორგი ზანგურაშვილთან, რომლებიც ფსიქოტროპული საშუალების თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ, შელაპარაკება მოუვიდა ზანგურაშვილის ბიძას აკაკი ზანგურაშვილს, შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა და ბრალდებულებმა გიორგი ძაბახიძე ბლაგვი საგნების გამოყენებით ჯგუფურად განზრახ მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით აკაკი ზანგურაშვილმა და მამუკა ყურუამ გვამი მტკვარში  გადააგდეს. საქმეში ფიგურირებს მოწმე მიქელიანი, ბრალდებულების ადვოკატის ცნობით, სწორედ მიქელიანის მანქანით გადაიტანეს მოკლულის ცხედარი მტკვართან. ყურუას ადვოკატი შორენა ბაღაშვილი კი  სრულად გამორიცხავს თავისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულში მონაწილეობას, მისი თქმით მამუკა ყურუას ალიბი აქვს და დანაშაულის ჩადენის დროს სახლში იმყოფებოდა, რასაც მისი მეზობლებიც ადასტურებენ. გარდაცვლილის ნათესავი მომხდარის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს, მისი თქმით ურთიერთშელაპარაკების დროს გიორგი ძაბახიძემ გონება დაკარგა, შემდეგ ბრალდებულებმა ის მდინარეში გადააგდეს და როდესაც ძაბახიძე გონზე მოვიდა ბრალდებულები მტკვრის ნაპირზე ჩავიდნენ და ქვით განზრახ მოკლეს. ორივე ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი გიორგი ღონღაძე, თუმცა ის საქმის დეტალებს ამ დროისთვის არ აკონკრეტებს. გარდა ამისა, აკაკი ზანგურაშვილის ადვოკატმა 5000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდება მოითხოვა.შემდეგი სასამართლო პროცესი 5 იანვარს დილის 12 საათზე ჩაინიშნა. აქამდეც ნასამართლევ აკაკი ზანგურაშვილს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის მიხედვით, რაც თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მამუკა ყურუას კი სისხლის სამართლის 109-ე მუხლის 2 ნაწილით ჯგუფურად ორგანიზებულ განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინეს ბრალი, რაც თავისუფლების აღკვეთას 13-დან 17 წლამდე გულისხმობს. მომავალ პროცესამდე ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში რჩებიან, დუმილის უფლებასა იყენებენ და დანაშაულს არ აღიარებენ.