ხმაური დასჯადი ხდება

2017-05-23 14:03:09

დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებულ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

აღნიშნული ცვლილება, პირველ ჯერზე ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის  ფიზიკური და იურიდიული პირის გაფრთხილებას ითვალისწინებს. სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი 150 ლარით დაჯარიმდება. იურიდიული პირი კი  500 ლარით.

ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდგომ ჩადენა კი  ფიზიკური პირის - 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, 2018 წლის პირველ აპრილამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს  საპატრულო პოლიცია შეადგენს, რომელიც განხორციელებულ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ხმაურმზომი ხელსაწყოებით უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. 2018 წლის პირველი აპრილიდან კი ეს ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემა.