როგორი შედეგებით დასრულდა ქართულის გამოცდა

2017-05-21 17:45:37

საქართველოს 1500-ზე მეტ სკოლაში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს. მე-12 კლასის მოსწავლეები გამოცდებს 4 საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენებში, მათემატიკასა და ისტორიაში ჩააბარებენ. გამოსაშვები გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასის რომელიმე გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახეს ან ადგილზე ვერ გამოცხადდენ, შანსი აქვთ რვავე გამოცდა ერთდროულად ჩააბარონ. რესურსცენტრის ხელმძღვანელი, თამარ ხეჩიკაშვილი „ინფო რუსთავთან“ საუბარში აცხადებს რომ - "რუსთავის სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მშვიდობიანად, ყოველგვარი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს". შედეგებით ჟიული შარტავას სახელობის #4 საჯარო სკოლა ლიდერობს, სადაც ჯამში 72-მა მოსწავლემ ჩააბარა გამოცდა, აქედან 39-მა მოსწავლემ მიიღო სრული ათიანი. მას მოსდევს #24 საჯარო სკოლა (გიმნაზია), სადაც მე-12 კლასის 75-მა მოსწავლემ ჩააბარა გამოცდა და აქედან 13 სრული ათიანი მიიღო. ხარვეზების გარეშე ჩატარდა გამოცდები #2 საჯარო სკოლაშიც, სადაც 77-მა მეთორემეტეკლასელმა ჩააბარა გამოცდა, აქედან 4-მა მოსწავლემ მიიღო სრული ათიანი. მომდევნო გამოცდა იქნება უცხო ენაში და ჩატარდება ხვალ დილის 9 საათზე.