რას შეეწირა 21 წლის ბიჭი

2017-05-21 14:08:24

17 მაისს, გამთენიისას ავტოავარიაში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ვაჟი, ბექა ხახუბია გარდაიცვალა. „რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა მმართველი გუნდის დეპუტატებთან ერთად ახალგაზრდის გარდაცვალებაში საპატრულო პოლიციას ადანაშაულებს. იგი სოციალურ ქსელში მომხდართან დაკავშირებით ყვება, რომ ბექა ხახუბია მანქანით მიემგზავრებოდა თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, რა დროსაც გორთან დაედევნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც მძღოლს მანქანის გაჩერება მოსთხოვა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბექა ხახუბია, მართვის მოწმობის ჩამორთმევის შიშით, არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციას და დასხლტომის მიზნით გადაჭარბებული სიჩქარით გააგრძელა გზა ხაშურის მიმართულებით. მას შემდეგ, რაც ბექა ხახუბია მიხვდა, რომ საპატრულო პოლიცია მისი დევნის შეწყვეტას არ აპირებდა, ხაშურის ცენტრში, წრესთან, მანქანა მოაბრუნა და გეზი ისევ თბილისისკენ აიღო. ამ დროს გორის გვირაბის გასასვლელში დასვენების მიზნით გაჩერებული სატვირთო ტრაილერი მძღოლს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ ჩამოართვეს და ხელოვნურად ჩახერგეს გორის გვირაბის გასასვლელი. დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ სიბნელეში ვერ შეამჩნია ტრაილერი და მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა მას. 21 წლის ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა. თავდაპირველად ამ საქმეზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს. მუხლი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 18 მაისს ეს საქმე მთავარმა პროკურატურამ გადაიბარა. ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში შემთხვევის ადგილიდან ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მიმდებარე ტერიტორიას არაერთი სათვალთვალო კამერა აკონტროლებს. იგი აცხადებს, რომ გვირაბისკენ არის მუხრუჭის კვალი, რაც, მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ ხახუბია შეჯახების თავიდან არიდებას ცდილობდა.