ვინ შეძლებს მართვის მოწმობის აღებას

2017-05-20 11:25:30

შსს-ს ახალი ინიციატივის მიხედვით ავტოსკოლები ავტორიზაციას გაივლიან, რის შემდეგაც მათ ნებართვა მიეცემათ რომ მომავალი მძღოლები მოამზადონ გამოცდისთვის. გამოცდაზე კი მხოლოდ ის პირები დაიშვებიან ვისაც ავტორიზირებული სკოლები ექნებათ გავლილი. პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის თქმით მას კოორდინაციას განათლების სამინისტრო გაუწევს. ინიციატივის მიხედვით შედგება სპეციალური პროგრამა და მოხდება ავტოსკოლების მონიტორინგი. ის სკოლები კი რომლებიც ავტორიზაციას ვერ გაივლიან, მათ ექნებათ საშუალება რომ მსურველები მოამზადონ თუმცა ისინი ვერ გასცემენ დოკუმენტს რისი წარდგენაც მომავალ მძღოლს მართვის მოწმობის გამოცდაზე დასჭირდება და შესაბამისად ის არ დაიშვება გამოცდაზე. "პროექტზე ვმუშაობთ როგორც დიდ რეფორმაზე" - განაცხადა Palitranews-ის გადაცემაში შალვა ხუციშვილმა.

ინიციატივას უკვე მოჰყვა გამოხმაურება ავტოსკოლებში. პედაგოგების ნაწილი აცხადებს რომ ავტორიზაციის მინიჭება შესაძლოა არ მოხდეს ობიექტურად და პროექტის განხორციელებას სკეპტიკურად უყურებენ, ნაწილისთვის კი ინიციატივა მისაღებია.