სიგარეტის მოწევის აკრძალვის შესახებ კანონი დაამტკიცეს

2017-05-18 12:43:50

85-ხმით, ერთის წინააღმდეგ - პარლამენტმა ”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებები დაამტკიცა. სიახლის თანახმად, 2018 წლის 1-ელი მაისიდან თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის ელექტრონული სიგარეტის და ჩილიმის მოწევა აიკრძალება ყველა დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი ბინების, ფსიქიატრიული კლინიკების, სასჯელაღსრულების და წინასწარი დაკავების დაწესებულებების და კაზინოებისა. 

 მხოლოდ სიგარის მოწევა იქნება შესაძლებელი სიგარ-ბარებში, სადაც დაუშვებელი იქნება ყველა სახის საკვები პროდუქტის გაყიდვა, რათა სიგარ-ბარი კაფე-ბარად არ ტრანსფორმირდეს.

 2018 წლის 1-ელი მაისიდან აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა. ამავე პერიოდიდან ისეთი ფილმების გაშვების წინ, სადაც სიგარეტის მოწევის კადრებია, სავალდებულო იქნება ანტითამბაქოს რეკლამის გაშვებაც. სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს პროდუქციის გარე ხილვადობა 2018 წლის 1-ელი სექტემბრიდან აიკრძალება, ამ დროიდან დაუშვებელი იქნება მათი გამოფენა სავაჭრო ობიექტების გარე ვიტრაჟებში. ასევე იკრძალება .. დრაივ-თამბაქო. 2021 წლიდან აკრძალვა შეეხება თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობასაც და თამბაქოს ნაწარმი არა გამჭვირვალე ბოქსებში, არამედ შენიღბულ სივრცეში განთავსდება.