შესაძლო სკოლებში სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ სწავლება დაიწყოს

2017-05-11 13:45:54

სკოლის მოსწავლეთათვის რეპროდუქციული, სქესობრივი ჯანმრთელობისა და უფლებების ძირითადი საკითხების სწავლება-დანერგვის თხოვნით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს.  

რეკომენდაციაში ასევე ნათქვამია, რომ მოეწყოს სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებზე ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობით სემინარები.

კომიტეტის აღნიშნული რეკომენდაციის შესახებ საუბარია სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის საფუძველზე მომზადებულ დასკვნის პროექტში. 

"უპირველესად, მნიშვნელოვანია, რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში, რათა მათ სათანადო ინფორმაცია ჰქონდეთ ოჯახის დაგეგმვის, კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების, ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ. სამწუხაროდ, აღნიშნული საკითხის სწავლება არ არის ფორმალური საგანმანათლებლო პროცესის ნაწილი და არაფორმალური განათლების აქტივობები ზოგადი განათლების საფეხურზე ნაკლებად ხორციელდება" ,- ნათქვამია დასკვნაში.