თაკო გაჩეჩილაძე ფინალში ვერ იმღერებს

2017-05-10 10:07:37

თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში მე-2 ნომრად გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა. მისი საკონკურსო სიმღერა ნახევარფინალის ათ საუკეთესო ნომერს შორის ვერ მოხვდა. ევროვიზიის პირველი ნახევარფინალი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში 9 მაისს გაიმართა. პირველ ნახევარფინალურ საღამოზე 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნებია: მოლდოვა, აზერბაიჯანი, საბერძნეთი, შვედეთი, პორტუგალია, პოლონეთი, სომხეთი, ავსტრალია, კვიპროსი, ბელგია.

მეორე ნახევარფინალი 11 მაისს გაიმართება. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (უკრაინა) და ე. წ. დიდი ხუთეულის - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩევა. ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი 13 მაისს ჩატარდება და კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. ქვეყანა, რომელსაც გამარჯვებული წარმოადგენს რიგით 63-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსს მოიპოვებს.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი