თურქეთის საელჩოს თხოვნა დიდგორის დღის უქმედ არ გამოცხადებაზე.

2017-04-21 19:41:30

პარლამენტმა დიდგორის დღის უქმედ გამოცხადებაზე კანონპროექტი შეაჩერა. ამის მიზეზად კი ისტორიკოსებთან მიმდინარე კონსულტაციები და თურქეთის საელჩოს თხოვნა სახელდება.

დეპუტატ ნუკრი ქანთარიას განცხადებით, თურქეთის საელჩომ პარლამენტს მეგობრული თხოვნით მიმართა იმის შესახებ, რომ კანონპროექტი არსებული ფორმით არ მიიღონ:

თურქეთის საელჩომ თხოვნით მოგვმართა და გვითხრა, რომ დიდგორი მათი დამარცხების დღე არის და პარლამენტის ამ გადაწყვეტლებამ შეიძლება გარკვეული [უსიამოვნება] შეიტანოს ურთიერთობებში. მეგობრული თხოვნა იყო. რა თქმა უნდა, საელჩოს ჩვენს საშინაო საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვს და კანონს ვერც ერთი ქვეყანა გაგვიჩერებს, ეს ჩვენი საქმეა,” – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

დეპუტატის განმარტებით,საქართველოს თურქეთთან ურთიერთობის დაძაბვა არ აწყობს.

თურქეთი ჩვენი მეზობელი უდიდესი სახელმწიფოა, მას აქვს საშუალება, რომ ჩვენთან სიტუაცია დაძაბოს. ის არც აფხაზეთს აღიარებს და არც სამაჩაბლოს დამოუკიდებელ ქვეყნებად, ჩვენ ამის გამო მადლიერები ვართ. ოფიციალურად, აჭარაზეც არ აქვს პრეტენზია, თუმცა ეროვნული აღქმის დოკუმენტში გარკვევით უწერიათ, რომ აჭარა მისი ტერიტორიაა. ყარსის ხელშეკრულებას ვადები არ აქვს და ამ ხელშეკრულებაში გარკვევით წერია, რომ საქართველო 1921 წელს თურქეთს უთმობს ტერიტორიას. ვუთმობ ნიშნავს, რომ ჩემია და ვუთმობ და არა იმას, რომ სამართლიანობა აღდგა. ასე რომ, აქ ბევრი ისეთი საკითხია, რომელზეც გარკვეული ჭკუის გამოჩენა გვმართებს.”- აღნიშნა დეპუტატმა.

პარლამენტმა პირველი მოსმენით 23 მარტს დაუჭირა მხარი 12 აგვისტოს “დიდი გამარჯვების დღედ” გამოცხადებას და უქმედ დაწესებას. თუმცა ამჟამად კანონპროექტი შეჩერებულია.