იარაღის უკანონო შენახვაზე სანქციები გამკაცრდება.

2017-04-18 15:52:58

იარაღის უკანონო შენახვაზე სანქციები გამკაცრდება, აღნიშნული ინიციატივა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, ახალი კანონპროექტით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  მიდგომები დაიხვეწება. კანონპროექტის თანახმად, ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლში შევა, კერძოდ, ერთმანეთისაგან გაიმიჯნება სხვადასხვა კატეგორიის ცეცხლსასროლი იარაღისა და მისი შესაბამისი საბრძოლო მასალის შეძენა/შენახვა. პროექტის მიხედვით მძიმდება ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა) შეძენისათვის ან/და შენახვისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.