საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის შესახებ ახალი კანონი.

2017-04-17 16:52:20

უახლოეს მომავალში შესაძლოა საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესახებ მოქმედი კანონი გაუქმდეს და ახლი კანონი მიიღონ. პარლამენტში მთავრობის მიერ რვა კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი უკვე წარდგენილია.

წარდგენილი პროექტის  მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება.

კანონპროექტით განისაზღვრა ვადა, რომლის განმავლობაშიც უკვე ყოფილმა მესაკუთრემ ექსპროპრირებული (განსაკუთრებული საჭიროებისთვის ჩამორთმეული) ქონება უნდა გაათავისუფლოს. კერძოდ, თუ  საუბარია მიწაზე, რომელზეც შენობა-ნაგებობებია განთავსებული, მიწის გათავისუფლების ვადა არაუმეტეს 1 თვეა, ხოლო  თუ მიწაზე,  შენობა-ნაგებობა არ დგას - ტერიტორიის გათავისუფლების ვადა არა უმეტეს 14  დღეა. აღნიშნული პირობის დაუცველობის შემთხვევაში, ექსპროპრიატორს უფლება ექნება, სამართალდამცავ ორგანოს მიმართოს და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, მისი საკუთრებიდან უკანონო მფლობელის გასახლება მოითხოვოს.

 ”აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ექსპროპრიატორს ექსპროპრიაციის უფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით ენიჭება, რაც ქონების მის საკუთრებაში გადასვლას გულისხმობს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი მესაკუთრის მხრიდან ადგილი აქვს ექსპროპრიატორის საკუთრების ხელყოფას ან სხვაგვარ ხელშეშლას, ექსპროპრიატორს აღარ უნდა დასჭირდეს ხელახალი სასამართლო დავა ყოფილ მესაკუთრესთან იგივე ქონებაზე, ვინაიდან მას საკუთრების უფლება ისედაც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აქვს მინიჭებული”, -  აღნიშნულია განმარტებით ბარათში.