თურქეთი საპრეზიდენტო ქვეყანა გახდება.

2017-04-17 14:14:49

თურქეთის რეფერენდუმში, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებები იყო გატანილი 55 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საკონსტიტუციო ცვლილებები საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას გულისხმობს. რეფერენდუმის მიმდინარეობის დროს,დიარბაქირის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საარჩევნო უბანთან, სამ ადამიანს ესროლეს. წინასწარი შედეგებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს თურქეთის მოსახლეობის 51.18% უჭერს მხარს, ხოლო ცვლილებების წინააღმდეგი 48.82%-ია. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოსახლეობას უკვე მიმართა. მხარდამჭერებმა პრეზიდენტს ისტორიული გადაწყვეტილება მიულოცეს, რომლის მიხედვითაც ფართოვდება ერდოღანის უფლებამოსილება და ის ქვეყანას 2029 წლამდე უხელმძღვანელებს. რეფერენდუმის შედეგებს აპროტესტებს 2 ოპოზიციური პარტია. „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის თქმით, მათ საარჩევნო უბნების 37%-თან აქვთ პრეტენზია. აღსანიშნავია,რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს თურქეთის ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა ანკარა, სტამბული, იზმირი, ადანა, ანტალია.