ახალი რეგულაცია ისრაელში მიმავალი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

2017-04-16 21:07:32

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, კერძოდ, 17 აპრილიდან ახალი რეგულაცია ამოქმედა, რომლის მიხდვითაც საქართველოს მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურს მიმართავენ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით, განხილულ იქნება დაჩქარებული წესით, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს უარს ეტყვიან განცხადების განხილვაზე, მის მიმართ დაუყოვნებლივ დაიწყება ისრაელის სახელმწიფოდან იძულებით გაძევების (დეპორტაციის) პროცედურები. აღნიშნული რეგულაციის შემოღება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ საქართველოს მოქალაქეები, თავშესაფრის მიღებაზე უარის თქმის შემდგომ მიღებული შეტყობინების მიუხედავად - 7 დღის განმავლობაში დაეტოვებინათ ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორია - არალეგალურად რჩებოდნენ ისრაელის სახელმწიფოში. "აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კიდევ უფრო გამკაცრებულია საზღვრის კვეთის პროცედურები და შესაბამისად, გამგზავრების მსურველებმა ზედმიწევნით უნდა დაიცვან საზღვრის კვეთისათვის დადგენილი მოთხოვნები." - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.