უფასოდ გასაცემი მედიკამენტების რიცხვი იზრდება.

2017-04-10 17:04:18

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტის კომპონენტის დამატებასთან დაკავშირებით ფარმ-ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მარტოხელა პენსიონერებს და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სახელმწიფო ძირითადი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფს. შეხვედრაზე მინისტრმა ფარმ-ინდუსტრიის წარმომადგენლებს ის მოთხოვნები გააცნო, რაც მედიკამენტის შესყიდვისას იქნება გათვალისწინებული. პროგრამის ფარგლებში დიაბეტის მე-2 ტიპი, ბრონქიალური ასთმა, გულ-სისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლისა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები დაფინანსდება. დავით სერგეენკოს თქმით, პირველ ეტაპზე ლაბორატიული კონტროლი უცხოურ ლაბორატორიებში განხორციელდება იმ მიზეზით, რომ საქართველოში მსგავსი ლაბორატორია არ არსებობს. მისივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ამბულატორულ მედიკამენტებზე წვდომაა,რომლებიც მათ ხანგრძლივად ან მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიღონ. პროგრამა ზაფხულში ამოქმედდება და მის ფარგლებში 600000-მდე ადამიანი 30-მდე დასახელების მედიკამენტს უფასოდ მიიღებს.