მშობლებს შეუძლიათ ნახონ რა პირობებში არიან მათი შვილები ბაღებში.

2017-04-06 13:17:02

ორშაბათიდან მშობლებს, შვილების ბაგა-ბაღებში ერთი დღის გატარების საშუალება ეძლევათ. გადაწყვეტილება, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებას ეკუთვნის. ღია კარის დღეები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განცხადებით, ინიციატივის მიზანია, დაინტერესებული მშობლები უკეთ გაეცნონ ბაღის სპეციფიკას. მშობლებს შეეძლებათ, ფილიალებში მთელი დღის განმავლობაში დაესწრონ, დააკვირდნენ როგორც სასწავლო-სააღმზრდელო, ასევე კვების პროცესს, ზოგადად ჰიგიენას ჯგუფებსა და სამზარეულოებში, გაესაუბრო მათთვის საინტერესო საკითხებზე გაერთიანების წარმომადგენლებს ადგილებზე. საჭირო ინფორმაციას მშობლები, როგორც ბაღის აღმზრდელებისგან ისე, გაერთიანების ხელმძღვანელებისგან მიიღებენ. „ღია კარის დღეს, ჩვენც, ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები , ფილიალებში ვიქნებით, რათა ყველა შეკითხვაზე, რომელიც მშობლებს გაუჩნდებათ, ამომწურავი პასუხები გავცეთ“ აცხადებს ეკა ხუციშვილი.

ღია კარის დღის შემდეგ, გაიმართება მშობელთა კომიტეტის შეხვედრა ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებთან და მოხდება იმ პრიორიტეტული საკითხების განხილვა, რაც ბაღების ეფექტურ ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს.