რა ფინანსური სანქციები დაეკისრება პირს რომელიც ქუჩას დაანაგვაინებს.

2017-04-03 21:55:20

დედაქალაქში „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები გამოჩდნენ. ინსპექტორების გამოჩენას - პირველი ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ ინფორმაციული სახე ექნება, ისინი მოქალაქეებს გააფრთხილებენ, ინფორმაციას მიაწვდიან სანქციებთან დაკავშირებით და მიუთითებენ მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრაზე. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქში ხალხმრავალ ადგილებში ივლიან. სპეციალური უნიფორმის გარდა, ისინი აღჭურვილი იქნებიან თანამედროვე ტიპის დამხმარე საშუალებებით: პლანშეტებით, სამხრე კამერებით, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტური სიტუაციები. "თბილსერვის ჯგუფი" ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად უფლებამოსილია შეადგინოს საჯარიმო ოქმი.

„თბილსერვის ჯგუფის“ ინსპექტორები მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის აპრილის ბოლოდან დააჯარიმებენ.

თბილისში გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმები 50 ლარიდან 1000 ლარამდე იქნება. 2 კგ-მდე ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით. 2 კგ-ზე მეტი ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარით. ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას). ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 150 ლარით. ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 500 ლარით. სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ: ფიზიკური პირი - 400 ლარით, იურიდიული პირი - 1000 ლარით. „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით 20 ქვეითი ინსპექტორი იმუშავებს.