rustavi2.com vs rustavi2.ge

2017-04-03 10:57:30

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის განცხადება - "rustavi2.com-ის ნაცვლად rustavi2.ge - სამაუწყებლო კომპანიამ ვებ გვერდის მისამართი შეიცვლა. სამაუწყებლო კომპანიამ ვებ გვერდის მისამართი შეიცვლა. მიზეზი არხის ყოფილი მფლობელი დავით დვალია, რომლის მეგობრის სახელზეც იყო რეგისტრირებული rustavi2.com და გადაცემა P.S-ის დაწყების წინ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, გათიშა ტელევიზიის ონლაინ პლატფორმა რითაც 10 ათასობით ადამიანი, ვინც რუსთავი 2-ის გადაცემებს ინტერნეტის საშუალებით უყურებდა ინფორმაციის გარეშე დატოვა. ამ ფაქტის გამო ახალ მისამართზე განთავსებული რუსთავი 2-ის ვებ გვერდი გარკვეული პერიოდი შეფერხებით მუშაობდა, თუმცა ამჟამად პრობლემები უკვე მოგვარებულია".

კომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე საპასუხო განცხადებას ავრცელებენ - "დომენი rustavi2.com დღიდან მისი რეგისტრაციისა ყოველთვის ჩვენ გვეკუთვნოდა და ასეა დღესაც. 2004 წელს, როცა „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ იძულებით დაგვათმობინა ჩვენი კუთვნილი 60% წილი რუსთავი 2-ში, სიჩქარეში არც გახსენებიათ რომ დომენი rustavi2.com ცალკე საკუთრებას წაროადგენდა და ასე განაგრძეს ჩვენი კუთვნილი ინტერნეტ რესურსით სარგებლობა. არც იმით დაინტერესებულან, თუ ვინ ფარავდა მთელი 13 წლის განმავლობაში რესურსით სარგებლობის თანხებს. დღეიდან ჩვენ ვწყვეტთ ქველმოქმედებას და შევეცდებით ოდნავ მაინც დავაბალანსოთ პროპაგანდის და დეზინფორმაციის მძლავრი ნაკადი, რომელიც ჩვენთვის წართმეული ტელევიზიიდან მოედინება.
ჩვენს საიტზე დაიდება და თავს მოიყრის ბევრი ნაცნობი თუ უცნობი მასალა, რათა საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მიიღოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე“, - ნათქვამია დვალისა და აქიმიძის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში".