პილიეთილენის პარკებისა და პლასტმასის ჭურჭლის რეალიზაცია აიკრძალება.

2017-03-28 13:42:36

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2017 წლის პირველი სექტემბრიდან შესაძლოა, 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება და რეალიზაცია აიკრძალოს, 2018 წლის პირველი იანვრიდან კი 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პარკები აიკრძალება. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი პროექტია მომზადებული, თუმცა რეგულაციების ამოქმედების ზუსტი თარიღი უცნობია. პლასტიკის პარკებთან დაკავშირებით რეგულაციას ევროპული სტანდარტები ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, პოლიეთილენის პარკების გამოყენება ჯარიმით დაისჯება, თუმცა ჯარიმის რაოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის. 15 მიკრონზე მეტი სისქის პლასტიკის პარკების წარმოების შემთხვევაში კი საკანონმდებლო შეზღუდვა არ იქნება. რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, პოლიეთილენის პარკი, სავარაუდოდ, ქაღალდის პარკებით, მრავალჯერადი ტექსტილის ჩანთებითა და სხვა ალტერნატიული საშუალებებით ჩანაცვლდება.

გარდა ამისა, საუბარია პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვაზეც, რომელიც  სამომავლო გეგმას წარმოადგენს და მისი ამოქმედება, სავარაუდოდ, 2018 წლისთვის იგეგმება. აღნიშულის შესახებ „ინფო რუსთავს“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განუცხადეს.