მწერმა თხილი სექტორს დღემდე 60 მილიონამდე ლარის ზარალი მიაყენა.

2017-03-24 21:38:27

მთავრობის სხდომაზე „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულება მიიღეს. აზიური ფაროსანა მავნებელი მწერია, რომელიც დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მწერმა თხილის სექტორს დღემდე 60 მილიონამდე ლარის ზარალი მიაყენა. მის საწინააღმდეგოდ გატარებულ ღონისძიებებში კი საქართველოსა და ამერიკის მთავრობები ჯამში 15 მილიონ ლარს დახარჯავენ. მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. კერძოდ, დასავლეთ საქართველოში მავნებლის გავრცელების არეალი განისაზღვრება და ქიმიური შესხურების ზუსტი თარიღი დადგინდება. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე კი მონიტორინგი მავნებლის შესაძლო გავრცელების შესასწავლად ჩატარდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლების შესამცირებლად შესაბამის პრეპარატს და ტექნიკას შეისყიდის, რომელიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ. მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი, პრეპარატი გადაეცემა.

საქართველოს მთავრობის განკარგულების წარმოდგენილი პროექტით, 2017 წელს მავნებელი მწერის სამეგრელოში, გურიაში, სამტრედიასა და გალის რაიონში მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში თხილის ნარგავების (რომელთა ფართობი არ აღემატება 1,5 ჰექტარს) ორჯერადი დამუშავება ზურგსაკიდი ძრავიანი შემასხურებელი აპარატებით მოხდება. შეწამვლითი სამუშაოების ჩატარება სულ 48 544 ჰექტარზეა დაგეგმილი. გარდა ამისა, სამუშაოების ჩასატარებლად ბიფეტრინის შემცველი ინსექტიციდი იმ პირებს გადაეცემათ, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში 1.5 ჰა-დან 5 ჰა-მდე თხილის ფართობი აქვთ.