ძალადობის 25 შემთხვევიდან, მხოლოდ 6 შემთხვევაში მოხდა პატიმრობის შეფარდება.

2017-03-24 17:36:46

ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედ სასამართლოებში 2016 წლის მანძილზე განხილული ოჯახში ძალადობის 25 აღკვეთის ღონისძიების საქმიდან, მხოლოდ 6 შემთხვევაში მოხდა პატიმრობის შეფარდება. 38 დასრულებული სისხლის სამართლის საქმიდან კი მხოლოდ 2 საქმეზე დადგა განაჩენი საპატიმრო სასჯელის გამოყენებით. დანარჩენ შემთხვევებში გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმის ან პირობითი სასჯელის გამოყენებით. ნაადრევი ქორწინების 15 საქმეზე კი, ყველა შემთხვევაში დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება საპატიმრო სასჯელის გარეშე. გენდერული ნიშნით ძალადობაზე,  კვლევა ქვემო ქართლის რეგიონში არასამთავრობო ორგაიზაცია „სიდამ“ ჩაატარა.

„სიდას“ განცხადებით კვლევის საფუძველზე, რეგიონში მაცხოვრებლების უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის, ნაადრევი ქორწინებისა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული პრობლემების საკანონმდებლო რეგულაციაზე. სასამართლოს მხრიდან კი არ ხდება რისკებისა და საფრთხეების სწორად შეფასება, განსაკუთრებით სისხლის სამართლის საქმეებზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების, ან საპროცესო შეთანხმების უპირობოდ დამტკიცების დროს.