რუსთაველი სტუდენტების საპროტესტო აქცია.

2017-03-22 12:34:48

რუსთაველი  სტუდენტების ნაწილმა თბილისში ენერგეტიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. სტუდენტები მგზავრობის ტარიფის შემცირებასა და სტუდენტურ ტარიფს მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანია „ინტერტრანსის“ თანამფლობელი კახა კალაძეა, ამიტომ ისინი მინისტრისგან შუამდგომლობას ითხოვენ, მათ ენერგეტიკის მინისტრს სტუდენტური ტარიფის მოთხოვნით წერილით მიმართეს. სტუდენტები აცხადებენ, რომ რუსთავის მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

 „ინფო რუსთავი“ რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს თამარ აქუბარდიას დაუკავშირდა. აქუბარდიას განცხადებით, ქალაქის მერიას სოციალური პროგრამა აქვს, რომლითაც რუსთაველ სტუდენტებს ეხმარება, კერძო კომპანია „ინტერტრანსის“  საქმიანობაში კი თვითმმართველობა ვერ ჩაერევა „მერიას აქვს პროგრამა სოციალურად დაუცველებისთვის, მრავალშვილიან ოჯახებში მცხოვრები სტუდენტებისთვის, შშმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც განხცადების დაწერის შემდეგ ყოველთვიურად პირად ანგარიშზე ერიცხებათ 50 ლარი, რითაც შეუძლიათ დაფარონ მგზავრობის გადასახადი.“ - აცხადებს თამარ აქუბარდია.

კომპანია „ინტერტრანსში“ კი აცხადებენ, რომ მგზავრობის ღირებულების მომატება საწვავისა და სათადარიგო ნაწილების  გაძვირებამ  გამოიწვია. სტუდენტების განცხადება კი, რომ კახა კალაძე „ინტერტრანსის“ თანამფლობელია, სიმართლეს არ შეესაბამება.  კომპანიის განცხადებით, „ინტერტრანსის“ მფლობელების შესახებ  ინფორმაცია საჯარო რეესტრში ყველასთვის ხელმისაწვდომია.

 შეგახსენებთ, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების ფასი 20 თეთრით გასული წლის დეკემბერში გაძვირდა.