ქართველი მილიარდერები "ფორბსის" სიაში.

2017-03-21 19:44:48

ჟურნალმა "ფორბსმა" მილიარდერთა განახლებული სია გამოაქვეყნა. "ფორბსის" ინფორმაციით,  დედამიწაზე ამჟამად 2043 მილიარდერი ცხოვრობს. მილიარდერთა სიაში ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა, რომელიც 4.5 მილიარდით 367-ე ადგილს იკავებს, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ექსპრემიერის ქონება გასულ წელთან შედარებით, 300 მილიონით შემცირდა. „ფორბსის“ მონაცემებით, 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, მისი ქონება ყოველწლიურად მცირდება. კერძოდ, 2012 წელს ბიზნესმენი 6.4 მილიარდს ფლობდა, 2013 წელს - 5.3 მლრდ, 2014 წელს - 5.2 მლრდ, 2015 წელს - 5.2 მლრდ, 2016 წელს - 4.8 მლრდ, 2017 წელს - 4.5 მლრდ.

სიაში 1.29 მილიარდით კიდევ ერთი  ბიზნესმენი  ქართული გვარით, ალექსანდრე ჯაფარიძე 1567-ე ადგილზეა. ჯაფარიძე 1955 წელს დაღესტანში, დაიბადა. მოსკოვში კი ნავთობქიმიისა და გაზის წარმოების განხრით მიიღო განათლება, ის ამჟამად  რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნავთობსაბურღ კომპანიას ფლობს. „ფორბსის“ ინფორმაციით, ჯაფარიძემ 2016 წელს იახტა შეიძინა, რომლესაც სახელი “Here comes the sun” ბრიტანული ჯგუფის Beatle-ის სიმღერის მიხედვით დაარქვა. აღსანიშნავია ისიც, რომ მილიარდელი თავის ყველა იახტას Beatles-ის ჰიტების სახელს არქმევს, კერძოდ, 2005 წელს შეძენილ ერთ იახტას Let it be, მეორეს კი Imagine უწოდა.

მილიარდერთა სიას 2017 წელს 195 ადამიანი დაემატა. პირველ ადგილს ზედიზედ მეოთხე წელია ბილ გეითსი იკავებს. ფეისბუქის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა კი ამჟამად  მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, მისი ქონება 11.4$ მილიარდით გაიზარდა.  აშშ-ს პრეზდენტი დონალდ ტრამპი კი 3.5 მილიარდის ქონებით 544-ე ადგილზეა. ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი 20 წლის ალექსანდრა ანდერსენია.

გამოცემის ინფორმაციით, ყველაზე მეტი მილიარდერი აშშ-ში ცხოვრობს – 565 ადამიანი. მილიარდერების რაოდენობით მეორე ადგილზეა ჩინეთი - 319 მილიარდერი. შემდეგ კი გერმანია – 114 მილიარდერით და ინდოეთი- 101 მილიარდერითაა.

“ფორბსის” 2017 წლის მილიარდერთა სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

ბილ გეითსი – 86 მილიარდი.

უორენ ბაფეტი – 75.6 მილიარდი;

ჯეფ ბეზოსი – 72.8 მილიარდი;

ამანჩიო ორტეგა – 71.3 მილიარდი;

მარკ ცუკერბერგი – 56 მილიარდი;

კარლოს სლიმ ჰელუ – 54.5 მილიარდი;

ლარი ელისონი – 52.2 მილიარდი;

ჩარლზ კოხი – 48.3 მილიარდი;

დევიდ კოხი – 48.3 მილიარდი;

მაიკლ ბლუმბერგი – 47.5 მილიარდი;