რუსთაველი ახალგაზრდების ვიზიტი ბრიუსელში.

2017-03-19 17:26:19

რუსთაველი ახალგაზრდების ვიზიტი ბრიუსელში. ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ორგანიზებული სასწავლო-აკადემიური ვიზიტის ფარგლებში, ქართველი სტუდენტები 8-12 მარტს ბრიუსელს ესტუმრნენ და ნატოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებში შეხვედრები გამართეს. ნატოს შტაბინაშის ტუდენტები ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდნენ. აპატურაისთან შეხვედრა საქართველოსა და ნატოს ურთიერთობების მიმოხილვას დაეთმო. ქართველმა ახალგაზრდებმა გაცნობითი შეხვედრა გამართეს ევროპის პარლამენტშიც, სადაც ისინი ევროპარლამენტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს რომან შტრასერს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტები. სასწავლო-აკადემიური ვიზიტის მონაწილეები ასევე ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ კომიტეტს ესტუმრნენ. შეხვედრები გაიმართა ევროკომისიაშიც.

ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი გიორგი ბენაშვილი - "მნიშვნელოვანია ქართველი ახალგაზრდების მჭიდრო ურთიერთობა ევროპულ ინსტიტუტებთან, რადგან ეს ერთგვარი დასტურია ჩვენი ქვეყნის გაცხადებული პრო-დასავლური კურსისა და ამავე დროს მტკიცე არჩევანისა, რომელიც გულისხმობს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას. ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ახალგაზრდების ხელშეწყობაა, რომ აქტიურად გაეცნონ ევროპულ პოლიტიკურ და კულტურულ გარემოს."

ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორი ნიკა ასანიძე - "მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ახალგაზრდებს მიეცეთ შესაძლებლობა აქტიური ურთიერთობები დაამყარონ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ თანატოლებთან, ამისთვის კი, პირველ რიგში საჭიროა ევროპული პოლიტიკური, კულტურული და საგანმანათლებლო გარემოს გაცნობა. ჩვენი ორგანიზაცია მომავალშიც აქტიურად აპირებს მსგავსი ტიპის ღონისძიებების მოწყობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. განსაკუთრებით გამოვყოფდი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას ინტეგრაციის გაღრმავების პროცესში. ამ მიმართულებით ჩვენ არაერთი საინტერესო იდეა გვაქვს".

ბრიუსელში ვიზიტის დროს შეხვედრები გაიმართა ქართველ დიპლომატებთანაც. სტუდენტები ბელგიაში საქართველოს საელჩოსა და ნატოში საქართველოს მისიას ესტუმრნენ. სასწავლო ვიზიტს, რომელიც ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით შედგა, აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი ახალგაზრდები ქვემო ქართლიდან. პროექტში სულ 18 ახალგაზრდა მონაწილეობდა, მათგან 4 რუსთავიდან იყო, 3 კი მარნეულიდან.