რა სათამაშოებით თამაშობენ ბაღებში (ვიდეო).

2017-03-15 22:19:02

„ინფო რუსთავი“ რუსთავის ბაღებში არსებული სათამაშოების მდგომარეობით დაინტერესდა, როგორც რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განაცხადა, საბავშვო ბაღებში სათამაშოების შეტანას ტენდერში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს, რომელიც თავდაპირველად გაერთიანებას სათამაშოების ნიმუშებს წარუდგენს.

„ინფო რუსთავი“ არსებულ მდგომარეობას #21 საბავშვო ბაგა-ბაღში გაეცნო, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ძირითადად ხის სათამაშოები ჭარბობს, როგორც ბაღის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული სათამაშოები ეკოლოგიურად სუფთაა და აღსაზრდელებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ასაკობრივ ჯგუფებში წარმოდგენილია როგორც ძველი ასევე ახალი სათამაშოები, რომლებსაც, ბაღის პერსონალის ინფორმაციით, ორ კვირაში ერთხელ სპეციალური ხსნარით ამუშავებენ, ის სათამაშოები კი რომელიც ზიანდება ხმარებიდან ამოაქვთ. რუსთავის საბავშვო ბაღის ყველა ფილიალში ახალი სათამაშოები გასულ წელს შეიტანეს.

აღნიშნული საკითხით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მთავრობას საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

ომბუდსმენის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა” თბილისის მაღაზიებში შეძენილი ათი დასახელების თოჯინა გერმანიაში სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნა. მიღებული პასუხების თანახმად კი ათიდან ცხრა თოჯინაში დიდი ოდენობით ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერება აღმოჩნდა.