"ნოვრუზ ბაირამი" გარდაბანში

2018-03-20 16:39:17

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები დღეს "ნოვრუზ ბაირამს" აღნიშნავენ. ქალაქ გარდაბნის კულტურისა და დასვენების პარკში გარდაბნის  მერიის ორგანიზებით, "ნოვრუზ ბაირამის" დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

"წელს ღონისძიებების ჩასატარებლად ბიუჯეტიდან სულ 14 500 ლარი დაიხარჯა. კონცერტზე მონაწილეობას იღებენ, როგორც ადგილობრივი, ასევე თბილისიდან მოწვეული მომღერლები. პარკში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები შაშსა და ნარდში. ღონისძება გაგრძელდება ხვალ და დღესასწაულის აღსანიშნად ჰეიდარ ალიევის სახელობის თეატრი აზერბაიჯანულ ენაზე  წარმოადგენს სპექტაკლს სახელწოდებით-  "უჩინმაჩინის ქუდი",-  განაცხადა გარდაბნის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა თამარ მაისურაძემ.

ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ "ნოვრუზ ბაირამი" გაზაფხულის ბუნიობის (დღისა და ღამის გათანასწორება) დღესასწაულია. აზერბაიჯანელები ამ დღეს უკავშირებენ ახალი წლის დადგომასაც. სიტყვა ნავრუზი  სპარსული ენიდან მომდინარეობს და "ახალ დღეს" ნიშნავს.