ცენტრალურ ქუჩაზე მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა (ვიდეო).
2017-01-10 20:30:12
სიაში

მეგობრობის  №31-ის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ფაქტს „ინფო რუსთავი“ შეესწრო. თავდაპირველად, უცნობი პიროვნება სამხარეო ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე იწვა, შემდეგ კი დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა გზის მეორე მხარეს გადაიყვანეს და დატოვეს. უცნობი პიროვნება, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ფაქტის დაფიქსირებისთანავე პიროვნების დახმარების მიზნით „ინფო რუსთავი“ 112-ს დაუკავშირდა, მოგვიანებით კი ჩვენთან სასწრაფო სამდეცინო დახმარების ოფისიდან შემოვიდა ზარი და მამაკცის იდენტიფიცირება გვთხოვეს, რაც იმ მომენტისთვის შეუძლებელი იყო. ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ 112-ზე კიდევ ერთი ზარი ამჟამად უკვე იმ ადამიანმა განახორციელა, რომელიც ნასვამ მამაკაცს რამდენიმე წუთის წინ დაეხმარა და უგონოდ მყოფი რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად სკამზე გადაიყვანა. მოქალაქის განმარტებით, 112-ში უპასუხეს, რომ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი შესაბამის შემთხვევაზე არ გამოცხადდებოდა, რადგან ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება ერთხელ უკვე მოხდა. რამდენიმე წუთში ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ. აღნიშნული მოქალაქე 112-ს  კიდევ რამდენჯერმე დაუკავშირდა და საბოლოოდ ერთი საათის შემდეგ საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოცხადდნენ, როგორც მათ განაცხადეს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრალური ოფისიდან შეტყობინების მიღებისთანავე გამოვიდნენ შემთხვევის ადგილზე. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პიროვნება რამდენიმე წუთში გონზე მოვიდა, ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კი მისი საცხოვრებელ სახლში გადაყვანა უზრუნველყვეს.