შეხვედრა მერიაში

2018-01-18 16:12:40

რუსთავის მერიაში არასამთავრობო და ბიზნეს სექტორთან შეხვედრა გაიმართა. ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი რუსთავში მოქმედი ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მოწვეულმა პირებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" განიხილეს, ქალაქის ბიზნესის კუთხით განვითარების ხედვები წარმოადგინეს და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებაზე იმსჯელეს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მერიაში შეხვედრები პერმანენტულად გაიმართება.

შეგახსენებთ, პროექტი „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“  2017 წლის იანვარში დაიწყო და 2020 წლის დეკემბრამდე გრძელდება. მისი მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა,  ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და  კერძო სექტორის განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნაა. პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში ადგილობრივი ოფისების მეშვეობით ხორციელდება.