ორიგინალური ურნები რუსთავში (ფოტო)

2017-06-03 19:31:57

რუსთავში შესაძლოა მწეველებისთვის განსხვავებული ურნა გამოჩნდეს. კრეატიული იდეის ინიციატორი #24 საჯარო სკოლის 16 წლის მოსწავლე გიორგი გაჩეჩილაძეა. გიორგი გაჩეჩილაძეს რუსთავში განსხვავებული ურნის განთავსების იდეა ერთი წლის, მაშინ გაუჩნდა, როდესაც ინტერნეტის საშუალებით აღნიშნული ნაგვის ყუთის ფოტო ნახა. ურნა იმით გამოირჩევა, რომ ის ორ ნაწილადაა გაყოფილი და მოქალაქეები თავიანთ ფავორიტ ფეხბურთელს სიგარეტის ნამწვის ჩაგდებით აძლევენ ხმას. რუსთავში განსათავსებელ ურნაზე წარწერების რამდენიმე ვარიანტი განიხილება. გიორგი გაჩეჩილაძე პროექტს რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის დაფინანსებით ახორციელებს და მასზე მუშაობა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დასრულდება. ურნის გაკეთების შემდეგ კი პროექტის ავტორი მერიასთან დაკავშირებას  და მათი ნებართვით ურნის ხალხმრავალ ადგილზე განთავსებას გეგმავს. იმ შემთხვევაში თუ იდეა გაამართლებს, შესაძლოა, ქალაქს უფრო მეტი ასეთი ურნა შეემატოს.

"მიზანი არის რომ უფრო ნაკლები სიგარეტის ნამწვავი შეგვხვდეს ქუჩაში, ეს ერთგვარ სტიმულიც იქნება მწეველებისთვის,  ძირს დაგდების ნაცვლად ხმა მისცენ თავიანთ ფავორიტს გუნდს ან ბრენდს" - აღნიშნა "ინფო რუსთავთან" საუბარში პროექტის ავტორმა და სკაუტური ცენტრის ახალგაზრდულ კლუბ „პანაცეას“ წევრმა  გიორგი გაჩეჩილაძემ.