რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მეორე მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო.

2017-02-17 17:52:28

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული მაგისტრალის მეორე მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო, პროექტი ქვემო ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. უშუალოდ პროცესი კი, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, 2 თვეში დაიწყება. მოხდება 7 კილომეტრიანი, 6 ზოლიანი ავტომაგისტრალის, 2 სატრანსპორტო კვანძის, 2 სახიდე გადასასვლელის, საგზაო გვირაბების და მზიდი კედლის აშენება. მაგისტრალის მეორე მონაკვეთის მოწყობის შემდეგ, რუსთავიდან მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები, ქვემო ფონიჭალამდე მარჯვნივ გადაუხვევენ, გზა გაგრძელდება მდინარე მტკვრის პარალელურად და შემდეგ რესტორან "მარაბდასთან" გზის დასრულებულ პირველ მონაკვეთს შეუერთდება. შეერთების წერტილზე გაკეთდება ესტაკადა, რის საშუალებითაც მძღოლებს ექნებათ საშუალება გზის გასაგრძელებლად აირჩიონ სასურველი მიმართულება. მშენებლობის არეალში მოხვედრილი მოსახლეობის საკუთრებაში არსებული მიწების უმეტესობა უკვე გამოსყიდულია, ამის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ჯუანშერ ბურჭულაძემ, „ინფო რუსთავთანინტერვიუში განაცხადა. მგფ-ის წარმოამდგენლის თქმით, იმის გამო რომ სამუშაოები დათქმულ ვადებში შესრულდეს, გზის მშენებლობა ერთდროულად როგორც რუსთავიდან თბილისის, ისე დედაქალაქიდან რუსთავის მიმართულებით დაიწყება. გარდა ამისა პერიოდულად მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი განხორციელდება.

მშენებლობის პროცესი 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. თბილისი - რუსთავის ავტომაგისტრალის მეორე მონაკვეთის მშენებლობას, აზერბაიჯანულ-თურქული ერთობლივი კომპანია 116,3 მლნ ლარად განახორციელებს. მშენებლობაზე 200-მდე თანამსრომელი დასაქმდება.