#4 სკოლის კიდევ ერთი წარმატება

2018-04-19 19:17:28

რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის მე-4 საჯარო სკოლა საქართველოს მასშტაბით იმ სკოლათა ათეულში მოხვდა, რომელსაც ყველაზე მეტი სერთიფიცირებული მასწავლებელი ჰყავს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტატისტიკური მონაცემების თანახმად  №4 საჯარო სკოლა ათეულში მეხუთე ადგილს იკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა edu.aris.ge- გაავრცელა.

საგანმანათლებლო დაწესებულებაში სულ 70 სერთიფიცირებული მასწავლებელი მუშაობს, მათ შორის 69 უფროსი და ერთი წამყავნი სპეციალისტია.

#4 საჯარო სკოლის დირექტორი ინფო რუსთავს სკოლის პედაგოგთა კვალიფიკაციაზე და მიღწევებზე ესაუბრა.

"მასწავლებლების მოტივაცია წლების განმავლობაში გამოხატული იყო შემდეგ საქმიანობებში, 2010 წლიდან ჩვენი სკოლის მასწავლებლები სერთიფიცირების პროცესში დიდი წარმატებით ჩაერთვნენ. აიმაღლეს კვალიფიკაცია უამრავი ტრენინგებით. გარდა ამისა მონაწილეობდნენ სხვადასხვა დროში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში. 20-მდე მასწავლებელი წარმატებით მონაწილეობდა სხვადასხვა კონფერენციაში მომხსენებლის სტატუსით. ბოლო წლებში 10-ზე მეტი პედაგოგი იმყოფებოდა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. დღეისათვის სკოლაში მიდის პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში შიდა დაკვირვების გაკვეთილებზე დასწრება. მთავარი, რაც განაპირობებს მასწავლებლების ასეთ მაღალ მოტივაციას არის საქმისადმი სიყვარული, თავდადება და ჩვენი მოსწავლეების მაღალი მიღწევები სხვადასხვა მიმართულებით. სექტემბრისთვის კიდევ 10 მასწავლებელი გვეყოლება, რომელიც სტატუსს აიმაღლებს. მათ შიდა დაკვირვების გაკვეთილები უკვე გაიარეს. მომავალი სასწავლო წლიდან მეოთხე სკოლის 102 მასწავლებლიდან 80 იქნება სერთიფიცირებული"- განაცხადა #4 საჯარო სკოლის დირექტორმა მამუკა ხამხაძემ