უკრაინული ვიდეო წარმოების კომპანია "Radioaktivefilm"-ი საქართველოში აწარმოებს საერთაშორისო სპორტული ბრენდის "NIKE"-ის სარეკლამო რგოლის გადაღებას. პროექტი საერთაშორისო "NIKE"-ის დაკვეთაა. კლიპის დამკვეთი საქართველოში ამსტერდამიდან ჩამოდის, გადამღები ჯგუფის ნაწილი კი ლონდონიდან, რეჟისორი ლოს-აჯელესიდან, ჯგუფის მეორე ნაწილი კი - უკრაინიდან. სარეკლამო რგოლის კონცეფციაზე მომუშავე კრეატიული სააგენტო ამსტერდამიდან არის. ვიდეო რგოლი დამზადების შემდეგ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით, მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება.
ვიდეო რგოლი შეიცავს მარათონის სცენას, რომლის ლოკაციადაც მოიაზრება ქალაქი რუსთავი, კერძოდ ძველი რუსთავისა და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდის მარჯვენა საგზაო ზოლი, ასევე მერაბ კოსტავას გამზირის ნაწილი. 12 აპრილს 06:00-დან 10:00 საათამდე სარეკლამო რგოლის გადაღების გამო, საგზაო მოძრაობა ზემოთ აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდული იქნება. აღნიშნული გზის მონაკვეთის ნაწილობრივ და დუბლებზე სრულად გადაკეტვის თაობაზე, საქართველოში პროექტის აღმასრულებელმა პროდიუსერმა ალექსანდრე გაბილაიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აცნობა და შესაბამისი სამსახურებიდან თანხმობა მიიღო.
ინფორმაციას რუსთავის თვითმმართველობა ავრცელებს.