შესაძლოა რუსთავის ინვენტარიზაცია დაიწყოს
2018-03-14 14:06:00
სიაში

შესაძლოა რუსთავის ინვენტარიზაცია დაიწყოს, რაც ქალაქში არსებული ობიექტების აღწერას გულისხმობს. ამის შესახებ რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

პროექტის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის სამსახურების ხელმძღვანელებს ქალაქის ეკონომიკური განვითარების ხედვა გააცნეს.

რუსთავის მერის თანაშემწის, რევაზ ბარბაქაძის ინფორმაციით, იმისთვის, რომ რუსთავი ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქალაქი გახდეს, შესაძლოა ქალაქის ინვენტარიზაცია დაიწყოს - "არის საუბარი იმაზე, რომ წელს ქალაქის ინვენტარიზაცია უნდა მოხდეს. ეს არ გაკეთებულა კომუნისტების დროიდან და საკმაოდ რთული პროცესია, რომელსაც შეიძლება წელიწადიც კი დასჭირდეს. უნდა ვიცოდეთ ქალაქში რამდენი შენობაა, რამდენი კილომეტრი კაბელია, კერძო სექტორის რა არის, სახელმწიფოსი რა არის... ეს საჭირო არის იმისთვის, რომ ინვესტორი, რომ შემოვიდეს უნდა უთხრა ეს რესურსები მაქვს." - განაცხადა ბარბაქაძემ.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ პროექტის ფარგლებში ინოვაციების ჰაბის ჩართულობით ძველ მიტოვებულ შენობებს ახალი ფუნქცია მიენიჭება. კერძოდ, რევიტალიზაციის პროცესი ფუნქციადაკარგული მსხვილი და საშუალო ინდუსტრიული ობიექტების განახლებასა და მათთვის პროფილის შეცვლას გულისხმობს.

პროექტი „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“  2017 წლის იანვარში დაიწყო და 2020 წლის დეკემბრამდე გრძელდება. მისი მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და  კერძო სექტორის განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნაა. პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში ადგილობრივი ოფისების მეშვეობით ხორციელდება.

ავტორი: ირმა კურტანიძე