კუმისის ტბაზე 10 ტონამდე თევზი დაიხოცა [VIDEO]
2018-02-23 13:29:01
სიაში

კუმისის ტბაზე 10 ტონამდე თევზი დაიხოცა.
როგორც "ინფო რუსთავს" კუმისის ტბის მეპატრონემ  გელა ბაკურაძემ აცნობა, ე.წ სქელშუბლა თევზის მასობრივად დახოცვა უჟანგბადობამ გამოიწვია - "მასობრივად გამოვიდა თევზი და დაიხოცა, ამის მიზეზი ლურჯ-მწვანე მცენარეა, რომელიც ტბაში გაზაფხულზე აღმოცენდება და დიდი ოდენობით ჟანგბადს შთანთქავს. ახლა მივუყვებით ნაპირებს  და დახოცილ თევზს ვაგროვებთ, რომელიც მერე უნდა გავანადგუროთ" - აცხადებს ტბის მეპატრონე.

ფაქტის შესახებ ინფორმირებულია გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. თევზი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

გელა ბაკურაძე მოსახლეობას ნაპირზე გამოსული თევზის დაჭერისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს - "მოსახლეობაში გავრცელდა ინფრომაცია, რომ თევზი იხოცება, მოვიდა ხალხი და თოფს ესვრიან, ე.წ ჩანგლებით ხოცავენ, ცოცხალი თევზი ნაპირას დგას. მოსახლეობას მოვუწოდებ, შევიდნენ ჩვენს მდგომარეობაში  ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვს და ამ მომენტით ნუ ისარგებლებენ, მათ საკვებად თვითმოხმარების მიზნით არ მიაქვთ ეს თევზი, ამას სარეალიზაციოდ აკეთებენ."

კუმისის ტბის მეპატრონე ნალექის მოსვლის იმედად არის დარჩენილი, რათა ცოცხალი თევზი ნაპირებიდან ტბაში შებრუნდეს. ის სიტუაციის გამოსწორებას მარტის შუა რიცხვებში ვარაუდობს.

კუმისის ტბაზე თევზის მასობრივად დახოცვის ფაქტი პირველად 2001 წელს დაფიქსირდა, შემდეგ 2013 წელს განმეორდა, მსგავსი შემთხვევა იყო გასულ წელსაც. ნახეთ ვიდეო.

ავტორი: ირმა კურტანიძე