აქცია მერიის წინ - მგზავრობის გაზრდილი საფასური და სტუდენტური ტარიფის მოთხოვნა (ფოტოები).

2016-12-06 19:24:21

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასურის გაზრდა გააპროტესტეს რუსთაველმა სტუდენტებმა. აქციის მონაწილეები მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ და სტუდენტური ტარიფის დაწესება მოითხოვეს. სტუდენტებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაესაუბრნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ და მერის მოადგილემ ნოდარ შეროზიამ აქციის მონაწილეებს საკითხის განხილვა და საუბრის გაგრძელება მერიის შენობაში შესთავაზეს, თუმცა სტუდენტებმა მერიაში გასაუბრება არ ისურვეს და აქცია მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს. აქციის მონაწილეები მგზავრობის ღირებულების გაზრდას დაახლოებით 2 საათის განმავლობაში აპროტესტებდნენ. პროტესტის დასასრულს, სტუდენტებმა მერიის წინ სირცხვილის დერეფანი მოაწყეს და თვითმმართველობის წარმომადგენლები ტაშითა და შეძახილებით გააცილეს. სტუდენტების განცხადებით, მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, აქცია კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.