ყარამანიშვილების შეთავაზებას რუსთავი 2-ის თანამშრომლები უარით პასუხობენ.

2017-03-23 21:15:58

ლევან ყარამანიშვილი - "მივმართავთ რუსთავი 2-ის კოლექტივს, მის თითოეულ თანამშრომელს.მეგობრებო, თქვენი როლი საქართველოში დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეუფასებელია. რომ არა თქვენი ყოველდღიური თავდადება, დღეს რუსთავი 2 აღარ იარსებებდა, ან უკვე გადაქცეული იქნებოდა ივანიშვილის პირად, პროპაგანდისტულ არხად. ის, რაც თქვენ შეძელით ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ივანიშვილის შეტევა ტელევიზიის ხელში ჩასაგდებად ღია ფაზაში შევიდა, არის სამოქალაქო გმირობა, რომელიც შევა საქართველოს ისტორიაში. კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა სიმამაცე და ტიტანური შრომა დგას ამ ყველაფრის უკან. გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ თქვენგანს ამისთვის! თქვენი ბრძოლის შედეგად, რუსთავი 2 გადაიქცა ჭეშმარიტად სახალხო ტელევიზიად. სწორედ თქვენი პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმისა და პრინციპულობისადმი პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, ტელეკომპანიის მფლობელებმა გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ შემდეგი: ჩვენი წილები ტელეკომპანია რუსთავი 2-ში (40%) უსასყიდლოდ გადაეცეს ტელეკომპანიის კოლექტივს, რათა თქვენ უკვე მფლობელების რანგში გახდეთ ტელევიზიის სამომავლო ბედის განმსაზღვრელი და თანამონაწილე. მოგეხსენებათ, ამჟამად ჩვენი წილები დაყადაღებულია, მაგრამ მზად ვართ, შესაბამისი ხელშეკრულებები დავდოთ ახლავე, იმ პირობით, წილის გადმოცემა ძალაში შევა ყადაღის მოხსნისთანავე. რუსთავი 2-ში ამჟამად დასაქმებულია ათასამდე ადამიანი, რომელთა ხელფასები მერყეობს თვეში 500-დან 60,000 ლარამდე. მიუხედავად თანამდებობისა და ანაზღაურების ოდენობისა, ყოველი მათგანის კონტრიბუცია ტელეკომპანიის ფუნქციონირებაში უნიკალური და ფასდაუდებელია. მოგმართავთ თხოვნით, დავიწყოთ კონსულტაციები, რათა არავის ღვაწლი არ დარჩეს უღიარებელი და წილები კოლექტივს გადაუნაწილდეს ღიად და სამართლიანად".

ნიკა გვარამია - "ჩვენ რუსთავი 2-ის თანამშრომლებმა განვიხილეთ ძმები ყარამანიშვილების განცხადება ჩვენთვის მათი კუთვნილი 40 პროცენტიანი წილის გამოცემის თაობაზე. მადლობას ვუცხადებთ მათ ამ შემოთავაზების, თუმცა ამ წინადადებას ვპასუხობთ უარით. ჩვენი უარი ემყარება შემდეგ გარემოებებს. პირველი, ამჟამად ყადაღის ქვეშ მყოფი 40 პროცენტიანი წილის რუსთავი 2-ის გუნდისთვის გადმოცემა პრაქტიკულად განუხორციელებადია, რამეთუ რუსთავი 2-ის წესდების თანახმად წილების გადაცემას ესაჭიროება ყველა მეწილის, მათ შორის, 9 პროცენტის წილის მეწილის, ნინო ნიჟარაძის, თანხმობა. ამგვარი თანხმობა არ არსებობს და შესაბამისად, წარმოდგენილი შემოთავაზება სამართლებრივი თვალსაზრისითაც წარმოადგენს ფიქციას. რაც, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ძმებ ყრამანიშვილებს, გამორჩათ მხედველობიდან. მეორე, ამას გარდა რაც მთავარია, კომპანიის 40 პროცენტიანი წილის ფლობა პრაქტიკულად არ ცვლის საქმის ვითარებას, რამეთუ გადამწყვეტი ხმის უფლება ისევ რჩება ტელეკომპანია საქართველოს, რომელიც კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 51 პროცენტიან წილს ფლობს და ტელეკომპანია საქართველოს მესაკუთრეებიც არიან ძმები ყარამანიშვილები. შესაბამისად, შემოთავაზებული წინადადება შინაარსობრივი თვალსაზრისითაც ერთგვარად ფიქტიურია, რადგან კოლექტივისთვის კოლექტივის კომპანიის მართვაში ჩართულობის ვერანაირ გარანტიას ვერ ქმნის. მესამე, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის თანამშრომლები გამოვდივართ საპასუხო ინიციატივით. საკუთრებაში გადმოგვეცეს შპს ტელეკომპანია საქართველო, რაც როგორც სამართლებრივად, ისე შინაარსობრივად, ერთადერთი გზაა, კომპანიაში საქმის ვითარების რეალურად, და არა ფიქტიურად შესაცვლელად. შპს ტელეკომპანია საქართველო არ არის დაყადაღებული, მის გასხვისებას არ სჭირდება მესამე პირთა თანხმობა და ის ფლობს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს. მისი კოლექტივისთვის გამოცემით არა მხოლოდ ჩვენი ტელეკომპანიის, არამედ ქართული მედიის ისტორიაში პირველად, მაუწყებლის მესაკუთრეები გახდებიან თავად მისი თანამშრომლები. მათ მიერ საამისოდ შერჩეული და უფლებამოსილი პირების მეშვეობით, რომლებიც ანგარიშვალდებული იქნებიან სწორედ მათ წინაშე".