"რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები".

2017-03-22 14:08:51

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქოში  სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტის თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებს შეხვდა. მან დელეგაციის წარმომადგენლებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთის მიერ საქართველოს ტეროტორიების ოკუპაციაზე განაცხადა.

მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% დაპყრობილია რუსეთის მიერ და თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. დღესაც ვითვლები ხელმძღვანელად აფხაზეთის ეპარქიისა, მაგრამ მე არ მაქვს საშუალება, რომ ჩავიდე და ყურადღება მივაქციო ჩვენ მორწმუნე ხალხს. მე მოხარული ვარ, რომ თქვენ ინახულეთ ის საზღვრები, სადაც ხელოვნურად დაყოფილია ჩვენი ტერიტორია. დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები. ამიტომ თქვენი ჩამობრძანება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მადლობას გწირავთ ამისთვის. მე კიდევ ერთხელ მადლობელი ვარ თქვენი ჩამობრძანებისათვის და დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი იქონიებს დიდ გავლენას. ” - განაცხადა პატრიარქმა შეხვედრაზე.

ილია მეორემ ასევე აღნიშნა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტთანაც ჰქონდა შეხვედრა - "საქართველო არასდროს დაჯერდება იმას, რომ ტერიტორია იყოს წართმეული საქართველოსთვის. მე მქონდა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან და მან მითხრა, რომ ვერ ხედავს გამოსავალს. მე ვუთხარი, რომ ჩიხური მდგომარეობა არ არსებობს. ჩვენ უნდა მოვნახოთ კარი, ან ფანჯარა, რითაც გადაწყდება ეს პრობლემა"- აღნიშნა უწმინდესმა.